სამართალდარღვევათა კოდექსი ანუ როგორ გვსჯის სახელმწიფო Vol-1
12-12-2021 3 186- მას შემდგომ რაც დამოუკიდებელ საქართველოში ვცხოვრობთ, ყველას გვაქვს განცდა და ყველანი ვართ შეთანხმებული იმაზე, თუ რა სისტემა იყო საბჭოთა კავშირი, რომლისთვისაც უცნობი იყო ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ამ უფლებების არათუ დაცვას, არამედ პირიქით, მისი დასჯის წახალისებას ახდენდა საბჭოთა სისტემა, შესაბამისად სამართლებრივ სივრცეში ერთ-ერთი ასეთი "ბოლო საბჭოთა მოჰიკანი" არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც როგორც საბჭოთა კავშირის დროს გამოიყენებოდა როგორც „დასჯის ინსტრუმენტი“ და არა როგორც „უფლების განვითარების დოკუმენტი“. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი არ პასუხობს დროის გამოწვევებს, წინამდებარეთი შევეცდები მარტივად, მაგალითების სახით ავხსნა რატომ და რის საფუძველზე ვთვლი ასე, პირველ ნაწილში უფრო ორმაგი დასჯის დაუშვებლობაზე ვისაუბრებ რომელიც კონსტიტუციურ ჭრილში აკრძალულია, მაგრამ გვაქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში;
- სამართალდარღვევათა კოდექსი - სსრკ-ის მოჰიკანი საქართველოში;
უპირველეს ყოვლისა ყურადღება უნდა მიექცეს, რომ აღნიშნული კოდექსი მიღებულია 1984 წლის 15 დეკემბერს, მიმღები ორგანოა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, ხოლო ხელს აწერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.
ა) კოდექსის 12 მუხლში ვხვდებით ტერმინს „ქარაფშუტულად ვარაუდობდა“;
ბ) 21 მუხლში „მასალები განსახილველად გადაეცემა ამხანაგურ სასამართლოს“;
გ) 105.1. მუხლში „მებაღეობის ამხანაგობის ობიექტების მშენებლობაში არა სპეციალიზებული სამშენებლო ორგანიზაციების ჩაბმა“;
დ) 232 მუხლის პუნქტი „თ) თუ არსებობს იმავე ფაქტზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ კომპეტენტური ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ან ამხანაგური სასამართლოს გაუქმებელი გადაწყვეტილება„;
ე) მუხლი 7 „შრომითი კოლექტივები შეიმუშავებენ და განახორციელებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების, მათი ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამოვლენისა და აღკვეთის, მოქალაქეთა მაღალი შეგნებულობისა და დისციპლინის, კანონების მკაცრი დაცვის სულისკვეთებით აღზრდის ღონისძიებებს“;
ვ) მუხლი 274 „დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შეიძლება გააპროტესტოს პროკურორმა“;
ზ) მუხლი 23 „ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად, კანონების დაცვის“;
თ) მუხლი 82.3. „მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმისა და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნების დარღვევა;
ი) მუხლი 89.1. „ბუნების ძეგლის დაზიანება“;
კ) მუხლი 145 „თანამდებობის პირთა მიერ საბინაო პირობების გასაუმჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვაზე აყვანის, აღრიცხვიდან მოხსნისა და მოქალაქეთათვის საცხოვრებელი სადგომების მიცემის წესის, საცხოვრებელ სახლებსა და საცხოვრებელ სადგომებში შესახლების დადგენილი ვადების დაუცველობა“;
ლ) მუხლი 185.1 „პირის გარდაცვალების შესახებ შეუტყობინებლობა“ - ეს მხოლოდ ის მცირე ჩამონათვალია რა უცნაურობასაც ვხვდები კანონში, ხოლო თვითონ ქმედების დასჯადობის სია განუზომლად დიდია, მათ შორის დიდია ის რიცხვიც თუ რამდენჯერ შეიცვალა აღნიშნული კანონი, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ანუ 1984 წლიდან სტატიის დაწერამდე შევიდა 487 ცვლილება, სხვა არც ერთ ასეთი სახის კანონს არ იცნობს საქართველოს სამართლებრივი სივრცე, რომელიც ამდენ ცვლილებას დაექვემდებარა.
- რაც შეეხება თვითონ კოდექსის სტრუქტურას სხვა სამართლის მიმართულებებისაგან განსხვავებით ერთ კანონშია მოქცეული როგორც ნორმატიული ასევე საპროცესო ასევე სააღსრულებლო ნორმები, ანუ ერთი კანონი განსაზღვრავს ყველაფერს. აღნიშნული პრაქტიკა დიდი ხანია დაძლეულია განვითარებულ ქვეყნებში, თითოეულ მიმართულებას სჭირდება ცალკე კოდექსი, რომელიც განმარტავს თითოეული საპროცესო საკითხს ამომწურავად.
- საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 24-ე მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სახდელების სახეებს, მათი რაოდენობა მთლიანობაში არის რვა, მათგან ყველაზე მძიმე არის ადმინისტრაციული პატიმრობა, ასევე სახდელის სახეა მაგალითად ჯარიმაც მაგრამ იმავე კოდექსის 25-ე მუხლი მიუთითებს, რომ „ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეიძლება დადებულ იქნეს ძირითადი ადმინისტრაციული სახდელი ან ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელები“ შესაბამისად უნდა გაიმიჯნოს რა არის ძირითადი სახდელი და რა არის დამატებითი სახდელი.
ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელების სახეებია:
1) საგნის სასყიდლით ჩამორთმევა;
2) საგნის კონფისკაცია;
3) გაფრთხილება;
4) ჯარიმა;
5) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება;
6) გამასწორებელი სამუშაოები;
მხოლოდ ძირითადი ადმინისტრაციული სახდელია:
7) ადმინისტრაციული პატიმრობა;
მხოლოდ დამატებითი სახდელი შეიძლება იყოს:
8) იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა; - ერთი შეხედვით აღნიშნული შესაძლებელია მისაღები იყოს ნებისმიერი პირისათვის, მაგრამ თუ კი თვითონ კოდექსის შინაარსის მიხედვით შევეცდებით ამ სახდელების არსის გაგებას, სამწუხაროდ პასუხის მიღება გაგვიჭირდება, რადგანაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მოცემულია მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნული სახდელების სახეები მაგრამ განმარტებული არ არის როდის რომელი სახდელია გამოსაყენებელი და ამასთანავე რა სტანდარტით უნდა იქნეს გამოყენებული ეს სახდელი. პირიქით, კოდექსი მიუთითებს სხვა რამეზე, კერძოდ 10-ე მუხლის მიხედვით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა“ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კოდექსი განსაზღვრავს რა მიიჩნევა გადაცდომად, მაგრამ არ განსაზღვრავს ამ მოქმედების შედეგად წარმოშობილ შესაძლო პასუხისმგებლობის ზომის განმარტებებს, უფრო მეტიც, კოდექსი გამოყოფს რამდენიმე სახეს, თვითონ ჩადენილი ქმედების/ბრალის ფორმას, კერძოდ:
ა) მუხლი 11. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განზრახ ჩადენა;
ბ) მუხლი 12. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გაუფრთხილებლობით ჩადენა;
გ) მუხლი 18. უკიდურესი აუცილებლობა;
დ) მუხლი 19. აუცილებელი მოგერიება; - რაც შეეხება ამათ შორის განსხვავებას თვითონ კოდექსი მიუთითებს, რომ პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრება უკიდურესი აუცილებლობისა და ასევე აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის განზრახ ან/და გაუფრთხილებლობით ჩადენის დროს. კოდექსს სწორედ აქაც აქვს პრობლემა, როდის რა უნდა იქნეს გამოყენებული მოსამართლის მიერ ან როგორი სტანდარტით კოდექსში მითითებული არ არის, ამასთანავე მოსამართლეს კანონი პირდაპირ ეუბნება, რომ კოდექსის მიზანია „მოქალაქეთა აღზრდა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების ზუსტი და განუხრელი დაცვის, სხვა მოქალაქეთა უფლებების, პატივისა და ღირსების, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის, დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების სულისკვეთებით“ ანუ კანონი მიზნად ისახავს მოქალაქეთა აღზრდას პირველ რიგში და არა სამართლის უზენაესი პრინციპების დამკვიდრებას ან სამართლის წინაშე თანასწორობას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ კოდექსი თავს მიიჩნევს მშობლის უფლების მქონედ, რომ მას შეუძლია აღზარდოს ინდივიდი, რომელიც ამ კოდექსის მიხედვით ინდივიდს ინდივიდობის უფლებას ართმევს, კოდექსის დანიშნულება არასოდეს არ უნდა იყოს ვინმეს აღზრდა, ეს სახელმწიფოს საქმე არაა, სახელმწიფოს საქმეა შექმნას სივრცე სადაც ინდივიდი შეძლებს ინდივიდობას და არა სივრცე სადაც სახელმწიფო დაიჯერებს, რომ ვინმეს აღზრდა ან უნდა ან შესაძლებელია.
- გარდა ამისა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 6-ე მუხლის მიხედვით, სახდელი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითად ისე დამატებით სახდელად, განვმარტავ: შესაძლებელია მე როგორც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს დამეკისროს როგორც საგნის კონფისკაცია ასევე ჯარიმა ან შესაძლებელია საგანი ჩამომერთვას და ასევე დამიკისროს ჯარიმა ანუ პირის მიმართ გამოიყენება ორმაგი დასჯა ერთი ქმედების გამო, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ კანონში ჩანაწერის არსებობის მიუხედავად ადმინისტრაციული კოდექსის მიზანი არ ემთხვევა მასში ჩაწერილს და ის სცდება თვითონ კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპს, კერძოდ საქართველოს კონსტიტუცია მიუთითებს, რომ მუხლი 11.1.-ე „1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია“ ამასთანავე მუხლი 31.8. დამატებით უთითებს, რომ „არავის დაედება განმეორებით მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის“ რა თქმა უნდა აქ შესაძლებელია იყოს სხვადასხვა სახის განმარტებები, რომ ერთი და იგივე დანაშაული არ არის სახეზე და მხოლოდ ერთი ქმედებაა სახეზე და მასზე ორმაგი სახდელის დადებას თვითონ უშვებს კანონი და ა.შ. თუმცაღა ქმედება როდესაც მაგალითად სჩადის ინდივიდი ქმედება ერთია და ის ორმაგი სახით ვერ იქნება დასჯილი ერთი ქმედებისათვის, მაგალითად სამართლიანი კითხვაა:
- პირის დასჯის უფლებამოსილება აქვს კი საერთოდ სახელმწიფოს? დასჯა ნიშნავს მის სახელმწიფოს ხელში არსებული სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას?
დასჯა როგორც სამართლებრივი ბერკეტი შეუძლებელია არსებობდეს სამართლებრივ სახელმწიფოში, უფრო მეტიც, სამართალი როგორც დასჯის ბერკეტი ეწინააღმდეგება სახელმწიფოს დანიშნულებას, რამეთუ სახელმწიფოს უფლებამოსილია გამოიყენოს პასუხისმგებლობა ინდივიდის მიმართ და არავითარ შემთხვევაში დასჯა, რადგანაც დასჯის უფლებამოსილების მინიჭება სახელმწიფოში გზაა საბჭოთა კავშირისკენ, მისი შინაარსობრივი ნაწილისკენ როცა "ინდივიდი მხოლოდ ინსტრუმენტია სახელმწიფოსათვის და არა უდიდესი სამართლებრივი სიკეთე". ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, სახელმწიფო დამსჯელ მანქანად იქცეს, და თუ ქცეულია, მაშინ? სად არის ამ დროს, ყოვლის მომცველი სიტყვა და შინაარსი "სამართლიანობა" ვის ხელშია ის? მოსამართლეების თუ პარლამენტის? სიმართლე ვთქვათ, ბოლოს როდის ან ვინ გაგაოგნათ თავისი სამართლიანობით ამ ორი სივრციდან? სახელმწიფო, არის კი "სახელმწიფო" "სახელმწიფო" თუ კი მისი უმთავრესი იდეა არ არის "სამართლიანობა"?! და თუ ამისი სივრცე უფრო და უფრო ნაკლები რჩება გამოსავალი რა არის?! სად არის ის ზღვარი, როცა კი "სამართლიანობის" სახელით "სახელმწიფო" შეწყვეტს "ინდივიდების" დასჯას?; - კონსტიტუციის მიზანია სამართლებრივი სახელმწიფოს დამყარება, მისი პრინციპების გატარება როგორც კანონში ასევე ნებისმიერ ნორმატიულ აქტში, თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ადმინისტრაციული კოდექსის მიზანი რა შეიძლება იყოს და ამ მიზანს თუ ჩანაწერს ვენდობით აღზრდაა (მიუხედავად იმისა, რომ მითითებულია კონსტიტუციის მიხედვით აღზრდა) თვითონ ჩანაწერი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რამეთუ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა არ ცნობს ასეთი სახის ჩანაწერს „ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი,“ კონსტიტუცია არ სცნობს ერთი ქმედებისათვის პირის ორმაგად დასჯას, პასუხისმგებლობის ზომა რომელიც პირს შეიძლება შეეფარდოს არ შეიძლება ორმაგი სახის დასჯა არსებობდეს, ასეთ შემთხვევაში იკვეთება ინდივიდის უფლებების დაპირისპირება კანონთან, როცა კანონი ინდივიდის უფლებებზე რეპრესიული ზემოქმედების წყარო ხდება, ასეთ შემთხვევაში ინდივიდს აქვს უფლება დაუმორჩილებლობის?! ინდივიდის დასჯის უფლება არავის აქვს, მითუმეტეს სახელმწიფოს, ინდივიდს აქვს მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებლობა, მაგრამ აი ამ საკითხებზე შინაარსი, გადაწყვეტილებები, პროცესები, კანონები, მათი განმარტებები, თვითონ ინდივიდის თვალსაწიერიდან ემსგავსება "ზღვის პეშვით დალევას", როცა კი მხოლოდ რწმენაა სიმტკიცე, რომ ადრე თუ გვიან, გვიან თუ ადრე, ქართული სახელმწიფო გახდება სამართლიანი სახელმწიფო, დღეს კი რეალობა მარტივია "უსამართლო სახელმწიფოში ვცხოვრობთ"!
- ორმაგი სახდელის გამოყენების საკითხი სისხლის სამართალში აქტუალური საკითხია, მაგრამ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება არის მომატებული საფრთხის წყარო, როცა კი ხდება სხვა ინდივიდის ისეთ უფლებებში და სამართლებრივი სიკეთე მოითხოვს დაცვას, ამასთანავე სისხლის სამართლის კოდექსი როგორც ყველაზე "ლეგიტიმური რეპრესიული კოდექსიც" კი არ იყენებს ტერმინს დასჯას და არც აღზრდას, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მაღალი სიკეთის დამცველი კოდექსია და პირიქით ის მიუთითებს იმ ტერმინზე რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის თვითონ სისხლის სამართლის კოდექსის აღქმას, ეს არის "პასუხისმგებლობა" „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს“;
- იმის გარდა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს არ აქვს ბევრი განმარტება, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რაც არ მოიპოვება ამ კოდექსში არის ის, რომ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არ არის, არ არსებობს, კოდექსი არ იცნობს უდანაშაულობის პრეზუმცია";
- წარმოიდგინეთ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ამდენი წელი შესაძლებელია იყოს "თავისუფლების აღკვეთა პასუხისმგებლობის ზომად" ანუ ადმინისტრაციული პატიმრობა, იქ იმ კოდექსში, რომელი კოდექსითაც სახელმწიფო ადამიანს აკავებს, ანუ იჭრება უდიდეს სამართლებრივ უფლებაში, ჩემს თავისუფლებაში, არ არსებობს "უდანაშაულობის პრეზუმცია" და ამაზე რა პასუხი აქვს სახელმწიფოს?! იქნება ეს აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლება?! რომელ ფანტომებს ებრძვის ამჯერად სახელმწიფო?! ანუ?!
- რა თქმა უნდა კონსტიტუციური პრინციპის გავრცელება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე შესაძლებელია, მაგრამ სახელმწიფო ამ კოდექსით უფლებამოსილებას ანიჭებს პოლიციელს დაგაკავოთ და თუ კი სტრუქტურის მიხედვით მივყვებით კოდექსი ამბობს, რომ პოლიციელის ქმედება კანონიერია ანუ პატიმრობა კანონიერია მანამ სანამ სასამართლო საპირისპიროს არ იტყვის, და რომელ ქვეყანაში ხდება ეს? დიახ, ეს ის ქვეყანა რომლის ენაზეც ეხლა ვწერ.
- მოსამართლეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დადგენილი არ აქვს სტანდარტი თუ "როგორი სტანდარტით უნდა განახორციელოს მან პროცესის წაყვანა" მაგალითად:
- ა) ამ კოდექსში არ გამოიყენება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი;
ბ) ადმინისტრაციულ სამართალწარმოების ეტაპები არ არის განსაზღვრული, მოსამართლეს თავისი პრაქტიკის მიხედვით უწევს განახორციელოს პროცესის მისეული წარმოება, ახსნა განმარტების მიღება, შეკითხვების ეტაპი, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი, საპაექრო სიტყვის მიცემა და ა.შ.; - წარმოიდგინეთ ამ ყველაფრის გარეშე მიდის პირების გასამართლება საქართველოს საერთო სასამართლოებში, სადაც არ არის დადგენილი მტკიცების სტანდარტი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, არ არის განსაზღვრული პროცესის ეტაპები, განსაზღვრული არ არის უდანაშაულობის პრეზუმცია და ბოლოს კოდექსი პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების ანუ შედავების საშუალებას არ აძლევს ზემდგომ ინსტანციას ანუ სააპელაციო სასამართლოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენს მიერ განხორციელებულ ქმედებაზე დავობთ მხოლოდ და მხოლოდ პირველ ინსტანციის სასამართლოში, მაგრამ ფაქტს რომელსაც დაადგენს პირველი ინსტანციის მოსამართლე ვერ შეედავებით ზემდგომ ინსტანციაში, სულ რომ წარმოუდგენელი ფაქტი დაადგინოს, კანონმა უფლება წაგართვათ ეს ფაქტი სადავო გახადოთ, ეს არის სწორედ "უსამართლო სახელმწიფოს" გამოვლინება, როცა მისთვის სულ ერთია ინდივიდის ბედი;
- ევროპის სასამართლომ მრავალჯერ აღნიშნა, რომ სამართალწარმოების შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში კატეგორიზაცია არ შეიძლება ამ სამართალწარმოებაზე მე-7 ოქმის მე-4 მუხლით განმტკიცებული ne bis in idem პრინციპის გავრცელების ერთადერთი კრიტერიუმი იყოს. ამ გზით, ხელმეორედ გასამართლების ან დასჯის აკრძალვის გავრცელება ამა თუ იმ სამართალწარმოებაზე მხოლოდ ხელშემკვრელი სახელმწიფოს დისკრეცია იქნებოდა, რაც კონვენციის მიზანთან და დანიშნულებასთან შეუსაბამო შედეგს გამოიწვევდა (შტორბრატენი ნორვეგიის წინააღმდეგ (Storbråten v. Norway), განაცხადი no. 12277/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 1 თებერვლის განჩინება; ბომანი ფინეთის წინააღმდეგ (Boman v. Finland), განაცხადი no. 41604/11, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტი 29). ამრიგად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის მიზნებისთვის, ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეიძლება განხილული იქნეს სისხლის სამართალწარმოებად და ne bis in idem პრინციპი შეიძლება განიმარტოს, როგორც ერთი და იგივე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ორჯერ გასამართლებისა და ორჯერ სახდელის დაკისრების აკრძალვა;
- სამართალში მოქმედებს პრინციპი „ne bis in idem“ რომელიც ფუნდამენტური პრინციპია არამარტო სისხლის სამართლის არამედ ასევე ადმინისტრაციული სამართლისაც და ყოველი იმ სამართლისათვის სადაც მიმდინარეობს პირის მიმართ ან პირი აწარმოებს სასამართლო დავას. აღნიშნული პრინციპი ნიშნავს მარტივ რამეს „აკრძალულია ერთი და იმავე დანაშაულისათვის ერთი და იმავე პირის ორჯერ გასამართლება და დასჯა“ კონსტიტუციის ახალი რედაქციით აღნიშნულმა უფლებამ არამარტო მოიცვა სისხლის სამართლებრივი სივრცე, არამედ სხვა დარგებიც მათ შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი თავისებური "სახდელის გამოყენების დროს", საგულისხმოა ისიც, რომ იგივე პრინციპი პირდაპირი და უშუალოდ მოქმედი პრინციპია საერთაშორისო სამართლისათვის.
- თუმცაღა დღევანდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ამ პრინციპებს უგულველყოფს, დღესაც კი ჩვენი სახელმწიფო თავისივე მიღებული კანონებით იტოვებს უფლებას რომ ერთი და იგივე ქმედებისათვის როგორც დამაპატიმროს ასევე ჯარიმა დააკისროს ინდივიდს, ასევე ჩამომართვას საგანი და დააჯარიმოს, აღნიშნულიდან გამომდინარე ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, როგორც "საბჭოთა მოჰიკანი" რაც დღევანდელ დღეს მოქმედებს საქართველოში არღვევს ადამიანის უფლებებს, ასეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ასეთი სახით არსებობა მიუღებელია თვითონ საქართველოს კონსტიტუციისათვის, თუმცაღა მის ცვლილებას, ძველის დანგრევას ახლის აშენებას, როცა პოლიტიკური ნება სჭირდება, ამიტომაც როგორც "სამართლებრივი სახელმწიფო ვერ ვითარდებით" და ვართ იქ სადაც ვართ "უსამართლო სახელმწიფოში";
- ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო მომსახურება
საქართველოს მთელ ტერიტორაზე tel/vibe/WhatsApp:+995591976764;
mail:guram.kontuadze@gmail.com; facebook; პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ!


