დიქტატურა კანონიერების სახელით?!
25-02-2021 2 342
- სიმართლე გითხრათ აღნიშნულის დაწერა დიდი ხანია მსურდა (ნუ მცირედით მაინც განმემარტა) და როცა კი მოვიცალე აღმოჩნდა, რომ შეიძლება ბევრმა აღნიშნული მიიღოს როგორც კონტექსტის შესაბამის სტატიად თუმცაღა ვეცდები ყოველგვარი ასეთი კონტექსტის გარეშე ავხსნა „რაღაცეები“ ობიექტურად, თუმცა ერთი ისიცაა რომ „რა არის ობიექტურობა თუ არა გულწრფელი სუბიექტურობა“;
- იურისტებისათვის და უფრორე ადვოკატებისთვის ცნობილია „მოსამართლეთა ქცევის ბანგალორის პრინციპები“ მარტივად რომ ავხსნათ, აღნიშნული პრინციპები განსაზღვრავენ მოსამართლის საქმიანობის დანიშნულებას, ქმედებათა წრეს რომელიც უნდა დაიცვას მოსამართლემ რათა მარტივად „რომ იმოსამართლეოს“. აღნიშნული პრინციპების კომენტარები რა თქმა უნდა არსებობს და მრავალნაირია, მაგრამ არის ერთი საკმაოდ საინტერესო ჩანაწერი „მოსამართლე უნდა იქცეოდეს სამაგალითოდ გარეშე დამკვირვებლისთვისაც კი“ ხოლო უფრო შორს თუ გავიხედავთ „ზოგჯერ მოსამართლე, მოსამართლის თანამდებობის ხასიათიდან გამომდინარე, შეიძლება აღმოჩნდეს ვითარებაში, როცა მისი, როგორც მოსამართლის მოვალეობა მოითხოვს სამართლებრივი ნორმის გამოყენებას, რომელიც ადამიანის უფლებათა ფუძემდებლურ პრინციპებსა და ადამიანურ ღირსებას ეწინააღმდეგება. ასეთ ვითარებაში მოსამართლემ, ალბათ, უნდა დატოვოს თანამდებობა, რათა თავიდან აიცილოს კანონის შესრულებასთან დაკავშირებული მოსამართლის მოვალეობის კომპრომეტირება“;
- ანუ ერთის მხრივ მოსამართლე შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ ვითარებაში როდესაც მას უბიძგებს არსებული სიტუაცია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის კანონშემფარდებელია და არა კანონშემოქმედი კანონის ნებისმიერი სახის პრინციპი არ მოდიოდეს შესაბამისობაში კონსტიტუციით გათვალისწინებულ პრინციპებთან ასეთ შემთხვევაში კი მოსამართლის დამოუკიდებლობა არ გამოიხატება იმაში, რომ მან აუცილებლად უნდა გამოიყენოს „კანონი“ არამედ გამოიხატება იმაში, რომ უარი თქვას „კანონის განმარტებაზე“ ან უბრალოდ უარი თქვას თანამდებობაზე ერთის მხრივ ეს ძალიან უჩვეულოა მოვლენაა და თითქმის შეუძლებელია ეს მოხდეს მაგრამ აუცილებელი საგამონაკლისო შემთხვევააა რომელიც ხაზს უსვავს უფრო მეტს ვიდრე კანონი შეიძლება იყოს: ეს არის სამართლიანობა;
- რაც შეეხება თვითონ „ადამიანის უფლებათა ფუძემდებლურ პრინციპებსა და ადამიანურ ღირსებას“ ეს პრინციპები ძირითადად ყოველთვის ასახვას პოვებს კონსტიტუციაში ამასთანავე კონსტიტუცია არ არის მხოლოდ სიტყვების თამაში ის უფრო მეტია ვიდრე ჩვეულებრივი წიგნი კანონი რადგანაც: კონსტიტუცია არ არის მორალურად ნეიტრალური. კონსტიტუციის ტექსტში ინტეგრირებულია ღირებულებათა მთელი რიგი მეტაფიზიკური ელემენტებიც. კონსტიტუცია განსაზღვრავს მორალური და ღირებულებითი შეფასების მასშტაბებს, რომლის საფუძველზეც მოსამართლე წყვეტს კონკრეტულ შემთხვევებს (გიორგი ხუბუა განმარტება Contra Legem 16 გვერდი);
- ერთის მხრივ კონსტიტუციის მასშტაბი უფრო მეტია ვიდრე შეიძლება იყოს ჩვეულებრივი კანონის ხოლო მეორეს მხრივ კონსტიტუციით განმტკიცებული ნებისმიერი უფლება არის პირველ რიგში მორალურად გამართლებული და შემდგომ არის ის კონსტიტუციური ნორმა რადგანაც შეუძლებელია მორალის მასშტაბების შემოსაზღვრა შეძლოს რომელიმე კანონმა, კანონი უმეტესად ამბობს „რა არ შეიძლება“ განსხვავებით „რა შეიძლებასაგან“;
- მოსამართლის დანიშნულებაზე ან კონსტიტუციაზე იმიტომაც ვუსვავ ხაზს, რომ ნებისმიერი სახის წყობა რომელიც არსებობს მუდმივად საჭიროებს „მოსამართლეს“ რომელიც მოქმედებს კანონის სახელით. მაგალითები ბევრია მაგრამ ავიღოთ შემდეგი მოცემულობა:
- საბჭოთა კავშირში მოქმედი სასამართლო რომელსაც უფლება ჰქონდა გამოეტანა სიკვდილის დასჯის შესახებ გადაწყვეტილება იყო კანონიერი თუ უკანონო? (ოკუპაციის მიუხედავად რომელიც საქართველოს დასაჯეს) პასუხი ცალსახაა: იყო კანონიერი;
- ნაცისტური გერმანიის მოსამართლე რომელიც სხვა თუ არა აფერი რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ კანონით მოქმედებდა და ადგენდა რასობრივ განსხვავებას? იყო კანონიერი თუ უკანონო? პასუხი ცალსახაა: იყო კანონიერი;
- იგივე შეიძლება ითქვას აპარტეიდის ეპოქის სამხრეთაფრიკელი მოსამართლეების შესახებ მათი მოქმედება იყო კანონიერი; - ეხლა უნდა დავუბრუნდე საკითხს, რა თქმა უნდა არსებობს მრავალი განსხვავება მმართველობით ფორმებს შორის (მძიმე მმართველობით ფორმებს შორის) მაგალითად ესენია: ავტოკრატია, ავტორიტარიზმი, დესპოტიზმი, ფაშიზმი, პლუტოკრატია, დიქტატურა და ა.შ. ამათგან რა თქმა უნდა განსხვავდება დემოკრატია და დემოკრატიული წყობილებისათვის აუცილებელია სახეზე იყოს მინიმუმ ოთხი პირობა:
- ხელისუფლების ლეგიტიმურობა;
- ხელისუფლების შეზღუდვა კანონით;
- ხელისუფლების განაწილება;
- ოპოზიციის ლეგიტიმურობა; - იმ შემთხვევაში თუ რომელიმე არ არის სახეზე სახელმწიფოში არა დემოკრატია არამედ რაღაც სხვა წესწყობილებაა და ის თავისთავად ეპაექრება კონსტიტუციის მეტაფიზიკურ არსს: მორალურ წყობას რომლითაც იმართება სახელმწიფო ზოგიერთ შემთხვევაში არსებობს ასეთი ტერმინი „კანონის დიქტატი“ ანუ კანონი გვკარნახობს იმას რა არის სწორი და რა არის არასწორი, აღნიშნული პრინციპში მუდმივად თანმდევი პროცესია ხოლმე „სამართლებრივი სახელმწიფოსი“ თუმცაღა „კანონის დიქტატი“ უმეტესად „აღმასრულებელი ხელისუფლების“ ძალაუფლებას ემსახურება „რათა აღსრულდეს კანონი“.
- საქართველოს კონსტიტუცია იცნობს სამართლებრივი სახელმწიფოს ცნებას, კერძოდ კონსტიტუციის 4.1. მუხლი უთითებს, რომ „საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო“ სამართლებრივი სახელმწიფო მრავალი მხრიდან შეიძლება განიმარტოს მაგრამ უმთავრესად მე მაინც კლასიკურ განმარტებას ვემხრობი, კერძოდ კანტისეულს:
პირველი ელემენტია საზოგადოების წევრთა თავისუფლება;
მეორე ელემენტის მიხედვით თავისუფალი მოქალაქენი ერთიანად უნდა ემორჩილებოდნენ კანონს;
მესამე ელემენტია თანასწორობა; - უფრო ფილოსოფიური განმარტება მირჩევნია ვიდრე მივუთითო კანონის უზენაესობა და ა.შ. კანონის უზენაესობა პრინციპში ნიშნავს კიდევაც სამართლებრივ სახელმწიფოს მაგრამ არსებობს ერთი მაგრამ რომელსაც ასევე იცნობს საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ სამართლებრივი სახელმწიფოს 4.2. მუხლი „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“ თითქოს არაფერი ახალს არ ამბობს კონსტიტუცია გარდა იმისა რაც ათასჯერ მაინც გაგვიგიდა მაგრამ ამ მუხლს ასევე აქვს გაგრძელება „კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან“;
- ეს ჩანაწერი მეტადრე საინტერესო და საუკეთესო ინსტრუმენტია ინდივიდისთვის, რადგანაც ერთის მხრივ კონსტიტუცია ფარგლავს საზღვრებს მეორეს მხრივ კი იქვე ასევე უთითებს, რომ შემოფარგლული სივრცე არ არის აბსოლიტური ის შეიძლება უფრო მეტია ვიდრე დღეს იყო ან ხვალე იქნება. ერთის მხრივ საქართველოს კონსტიტუცია არ ადგენს უფლებათა იერარქიას მაგალითად რომელი უფრო მნიშვნელოვანია შრომის თავისუფლება თუ მეწარმეობის თავისუფლება მეორეს მხრივ კი უთითებს, რომ კიდევ არსებობს უფლებები რომელიც არ არის აქ გაწერილი მაგრამ „თავისთავად“ გამომდინარეობს კონსტიტუციიდან;
- ჯერ კიდევ და ალბათ საუკეთესოდ ილია ჭავჭავაძე წერდა თავის ესეში (“კანონის წინაშე თანასწორობა საზოგადოების წესიერი აგებულების საფუძვლის ქვაკუთხედია”) რომ „არ არის ქვეყანაზედ არც ერთი იმისთანა განათლებული სახელმწიფო, საცა ყველას თანასწორობა კანონის წინაშე დედააზრად, სათავედ არ ედვას ყოველს კანონმდებლობას, ყოველს რჯულიერებას“ ანუ კანონის დანიშნულება როგორც მისი აღსრულებადობა ახლებურად რომ გავიაზროთ უნდა იყოს „რაციონალური და ლოგიკური“ რადგანაც თუ მას ეს ორი რამ არ ახლავს ის აუცილებლად ხდება ინსტრუმენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში რა გინდ „ანგელოზნი ან მსგავსნი მისნი“ არ იყვნენ ხელისუფლებაში;
- რადგანაც არ არსებობს კონსტიტუციურ ღირებულებათა შკალა, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მოსამართლე თვითონ განსაზღვრავს, თუ კონსტიტუციით აღიარებულ რომელ ღირებულებას უნდა მიენიჭოს უპირატესობა. ამიტომაც არის ის, რომ როცა კი საკითხი დგება საკითხი სახელმწიფო მიემართება დემოკრატიიდან ნებისმიერი მიმართულებით იქნება ეს დიქტატურა ავტორიტარიზმი თუ ავტოკრატია მოსამართლეს ენიჭება ყველაზე დიდი მნიშვნელობა იმავე კანონებით, რადგანაც ნებისმიერი კანონი იქნება სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის უთითებს, რომ „მოსამართლე მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით“ ეს არ არის მარტივი ან უმნიშვნელო ჩანაწერი, მოსამართლის ვალდებულებაა თუ ის ხედავს, რომ „მისი გადაწყვეტილება არ ემთხვევა შინაგან რწმენას“ არა კანონის დიქტატს არამედ „კონსტიტუციურ მართლწესრიგს ანუ მეტაფიზიკურ მორალს“ მიზდიოს, არამგონია მოსამართლეს ყოველდღიურად მოუწიოს აღნიშნული არჩევანის გაკეთება რადგანაც მაშინ „კანონის საჭიროება არ იქნებოდა“;
- კიდევ უფრო თვალსაჩინო მაგალითი შეიძლება იყოს ჩრდილოეთ კორეა, სადაც კანონიერებით იმართება ქვეყანა ანუ: საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონით მაგალითად დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში არამარტო ბრალდებული არამედ მისი ოჯახის წევრებიც სამართლდება, შესაბამისად კანონიერება შეიძლება ასევე იყოს დიქტატორული თუ ავტოკრატიული რეჟიმების დროს და უფრორე კი: უპირველესად ნებისმიერი ასეთი სახის მმართველობითი ფორმა თავის სურვილს პირდაპირ არასოდეს არ ამბობს და უმეტესად პედალირება ხდება „კანონიერებაზე“ და არა სამართლიანობაზე, რადგანაც სამართლიანობა იმდენად უნივერსალური პრინციპია მისი არჩევის შემთხვევაში უმრავლეს შემთხვევაში სახეზეა „კანონიერი უკანონობდა“;
- კანონიერება მხოლოდ მაშინ არის ნამდვილი კანონიერება როცა დაცულია: კანონის წინაშე თანასწორობა ანუ მე თუ ჩავიდინე მეც იგივენაირად უნდა მომექცნენ როგორც მოექცნენ სხვა ამავე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მაგრამ შემსუბუქება მხოლოდ და მხოლოდ ჩემს სასარგებლოდ უნდა იყოს ანუ: ჩემი პიროვნული მახასიათებელი შემსუბუქებისთვის უნდა იყოს გამოყენებული რადგანაც როგორც დიდი ილია იტყოდა: ბუნებითად კანონი ყველასათვის ერთნაირი დავალებაა, ერთნაირი უფლება და როცა იგი ერთს ერთნაირად ექცევა და მეორეს სხვანაირად, მაშინ იგი სხვა არა არის რა, თუ არ რჯულად შექმნილი უპირატესობა ერთისა მეორის წინაშე;
- აქამდეც დამიწერია და პრინციპში მუდამ ასეა, რომ „კანონიერება არ ნიშნავს სამართლიანობას და პირიქით სამართლიანობა მუდამ არ ნიშნავს კანონიერებას“ და თუ კი მოსამართლის გადასაწყვეტია რა არის კანონიერება და რა არის სამართლიანობა და მათ შორის დაპირისპირების დროს როცა მისმა გადაწყვეტილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს თანაც მრავალწლიანი გავლენა როგორც სასამართლოზე ასევე მთლიანად ქვეყანაზე: რა უნდა მოიმოქმედოს? რადგანაც ნებისმიერი გადაწყვეტილება რომელსაც მიიღებს იქნება კანონიერი რადგანაც ის იხელმძღვანელებს კანონით მაგრამ იქნება კი სამართლიანი ან აღიქვავს კი მის გადაწყვეტილებას ხალხი სამართლიანად?
- მოსამართლემ არ უნდა დაიცვას არაადამიანური კანონები, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის სამართლიანობისა და მორალის შესახებ გაბატონებულ შეხედულებებთან (გიორგი ხუბუა განმარტება Contra Legem 16 გვერდი) ეხლა ის ცალკე საკითხია არაადამიანური კანონი რა შეიძლება იყოს მაგრამ „განსაკუთრებულ შემთხვევებში მოსამართლემ უნდა იმოქმედოს კანონის წინააღმდეგ და სამართლიანობის სასარგებლოდ“ ამაში ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რადგანაც კონსტიტუცია სწორედ ამიტომ უშვებს დაშვებას, რომ „კანონი რომლის გამოყენებითაც მოსამართლე შეიქმს სამართალს“ „კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან“;
- უმეტეს შემთხვევაში როცა კი საუბარი იწყება დიქტატურაა თუ ავტოკრატიაა ასეთი სახის ქვეყნები იმართება „კანონიერებით“ და არა „სამართლიანობით“ რადგანაც თუ კანონიერება იქნებოდა მთავარი თვითონ კონსტიტუციას არ მოუწევდა ასევე იმის აღიარებაც, რომ არსებობს კიდევ სხვა პრინციპები რომელიც „ჯერ კიდევ“ კონსტიტუციამ თვითონ არ იცის. ამიტომაც არის, რომ ჩრდილოეთ კორეაში მოქმედებს თუ არა რეჟიმი კანონიერად? პასუხი დადებითია, კომუნისტების, ფაშისტების აპარტეიდის მოსამართლეები უკანონოდ იქცეოდნენ? რა თქმა უნდა პასუხი უარყოფითია და კანონიერება დიახაც დაცულია, მაგრამ დაცულია კი სამართლიანობა?
- მართალია კონსტიტუციის აღნიშნულ პრინციპს ასევე განმარტავენ, რომ აღნიშნულში მოიაზრება პროცესუალური თუ სხვა უფლებები და ასევე მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლება აღნიშნული პრინციპები განავრცოს, თუმცაღა როგორც აშშ-ის კონსტიტუციის ჩანაწერი „ბედნიერებისკენ სწრაფვა“ სხვა და სხვა დროს სხვანაირად ითარგმნებოდა ასევეა აღნიშნული პრინციპი და უპირველესად ვთვლი, რომ „კანონის დიქტატის“ დამბალანსებელი „სამართლიანობა“ სწორედ აქ უნდა ვეძებოთ რამეთუ თუ ციცერონს დავესესხებით „ჩვენ გაჩენილები ვართ სამართლიანობისათვის და ეს უფლება ეფუძნება არა შეხედულებებს, არამედ ბუნებას”;
- და კი იურისტებს ახასიათებს სტატიკური მდგომარეობა, რომ არსებული შემოვფარგლოთ არსებული სამართლით განსხვავებით სხვა პროფესიებისა, ვგონებ ჩვენ უფრო მეტად „ფილოსოფოსი მოსამართლეები“ გვჭირდება რომელიც კანონიერად კანონით შექმნილ კანონს სამართლიანობის სახელით განმარტავენ;
- და ბოლოს კი ისევ ილიას გამოვიყენებ „ეგ თანასწორობა, ეგ საჯარო უფლება რომ დაუსჯელად ილახებოდეს, მაშინ ვერავინ კარშიაც ფეხს ვერ გამოჰყოფდა, რადგანაც პატარას დიდი არ დაელევა და დიდს კიდევ უფრო დიდი“;
- ადვოკატი გურამ კონტუაძე (GGK Lawyer) სრული იურიდიული და საადვოკატო მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორაზე;
Tel/vibe/WhatsApp: +995591976764; mail:guram.kontuadze@gmail.com; facebook; პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ!